საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კვლავ დეფიციტურია. პროგრამას ფული წელსაც დააკლდება, - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, სერგო ჩიხლაძემ.
მისი თქმით, 5 თვის ხარჯვის ტემპი გვაჩვენებს, რომ ყოველთვიური ხარჯვა, დაახლოებით 70-71 მილიონი ლარია, რაც წლიურად 840-850 მილიონს შეადგენს.
"პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 754 მილიონი ლარია. ანუ, წლის ბოლოს დეფიციტი, მსგავსი ტენდენციის პირობებში, დაახლოებით, 80-100 მილიონის ფარგლებში იქნება", - ამბობს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ ამ თანხაში არ შედის ის მრავალმილიონიანი დავალიანება, რაც ჯანდაცვის სამინსიტროს, ყოველი წლის ბოლოს, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ რჩება.
"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაზე ყოველწლიურად ხარჯავს მეტს, იზრდება იმ ოჯახების წილი, რომლებიც განიცდიან ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯებს. კვლავ მაღალია ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი. ასევე დიდი გამოწვევაა წამლების ფასები, ხარისხი და ხელმისაწვდომობა", - აცხადებს ჩიხლაძე.
ჯანდაცვის სპეციალისტის აზრით, ხარჯების შეკავებისთვის საჭიროა, ჯანდაცვის სფეროს ძირეული რეფორმა და ადეკვატური პოლიტიკის გატარება.
"აუცილებელია, პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება, დაფინანსების პრიორიტეტების გადახედვა, ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტულ სისტემაზე გადასვლა, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვა. მნიშვნელოვანია ასევე, მოუქნელი ბაზების და არასანდო სტატისტიკური მონაცემების მოწესრიგება, რომლის გარეშეც შეუძლებელია რომელიმე პროგრამის მეტნაკლებად ადეკვატური დაგეგმარება", -აცხადებს ჩიხლაძე.