იარაღი, რომლითაც ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, რობიზონ მარგველანმა ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში დამარხა. ამის შესახებ განცხადება ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსმა რობიზონ მარგველანმა დღეს პარლამეტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გააკეთა.
თვითმკვლელობის იარაღი დღემდე დაკარგულად ითვლება. რობოზონ მარგველანს თავის დროზე პროკურატურისათვის ახსნა ჩვენებაში უწერია, რომ თვითმკვლელობის იარაღი პირადად მან ჩაიტანა გროზნოში, საიდანაც დაიკარგა. კომისიის დღევანდელ სხდომაზე კი განაცხადა, რომ თვითმკვლელობის იარაღი სახელმწიფო ბეჭედთან ერთად დამარხა სოფელ ხიბულაში, ჯონსონ კვარაცხელიას ეზოს უკან მდგომი დიდი ხის ძირში.
როგორც მარგველანი განარტავს, ჯონსონ კვარაცხელიამ და მან ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ ჩამარხულ იარაღს და ბეჭედს ერთმანეთის გარეშე არ ამოიღებდნენ. თუმცა, როგორც ცნობილია, 2001 წელს კვარაცხელიამ ეს პირობა დაარღვია და მან დამარხული ნივთები მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გადასცა. ამ ფაქტს მარგველანი პირობის დარღვევად აფასებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ მისცა პროკურაურას სხვანაირი ჩვენება, მარგველანი აცხადებს რომ მაშინ იცრუა, ვინაიდან მას სხვა გზა არ ჰქონდა, შეგნებულად მისცა ცრუ ჩვენება, რათა გადაერჩინა კარაცხელიას სიცოცხლე, ვინაიდან თუკი სამართალდამცველბი სიმართლეს გაიგებდნენ, კვარაცხელიას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.