დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, გამოძიებას ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ აქვს. ამის შესახებ იმნაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა.
"კონტროლის პალატის მასალების საფუძველზე დაკითხვაზე დაბარებული ვიყავი. თუმცა ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იმნაძემ.
მისვე თქმით, იგი ამაჟამად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის დირექტორის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის მასალების საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე დააკავა.
როგორც ცნობილია, კონტროლის პალატამ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგად დარღვევები აღმოაჩინა. კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, ვაქცინაციის პროგრამის აუდიტით გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც გამოაშკარავა ჯანდაცვის სფეროში მომეტებული კორუფციული რისკები.
აღსანიშნავია, რომ კორუფციული სქემა ამოქმედდა პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ერთადერთ ტენდერში: სახელმწიფო მოხელეებმა ვაქცინების შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი მოარგეს მიმწოდებელი კომპანიის ამონაგებს. შესყიდვა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაიგეგმა.
კონტროლის პალატის მასალებით, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1788,9 ათასი ლარი ზარალი მიაყენეს.