შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე დანაშაულის სტატისტიკაზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებზე იმსჯელა. შეხვედრის დასასრულს გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. საერთოდ, შრომის უფლების დაცვა და შრომის უსაფრთხოების დაცვა მოგეხსნებათ, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია. თებერვლიდან ძალაში შევიდა მაღალის რისკის შემცველ ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება სრულიად ყველა სახის კომპანიისთვის და საწარმოსთვის, ახალი რეგულაციები. ქვეყანაში სადაც როგორც ასეთი, შრომის ინსპექცია წლების განმავლობაში არ არსებობდა, რა თქმა უნდა გარკვეული აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და ეს ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს და მთავარია, რომ კანონმდებლობა უკვე არსებობს. პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის, მთავრობის წევრის და რა თქმა უნდა სამოქალაქო სექტორის საზრუნავი„ - განაცხადა გიორგი გახარიამ.