აჭარაში MICE ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონს სამიზნე ბაზრებთან ავიარეისებიც აკავშირებდეს. როგორც „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა მამუკა ბერძენიშვილმა, ტურისტული ფესტივალის „ტურისტერი“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ მხრივ სამიზნე ბაზრებად შესაძლოა მეზობელი ქვეყნები და შავი ზღვის აუზის ქვეყნები განვიხილოთ.
"იმისათვის, რომ MICE ტურიზმი განვითარდეს, აუცილებელია საჰაერო მიმოსვლის ქონა მიზნობრივ ბაზრებთან. ან შეიძლება ეს მიზნობრივი ბაზარი არ იყოს, მაგრამ MICE ტურიზმის ჭრილში პოტენციალის მატარებელი ბაზარი იყოს. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საჰაერო მიმოსვლა იყოს იმ მოწოდების სიმაღლეზე და იმ დოზით, რაც სჭირდება ამ პროცესს. შეიძლება ეს იყოს სუბსიდირებული სახელმწიფოს მიერაც.
მეორე მხრივ, ალბათ ის ავთენტური კულტურა, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციის, იყოს წარმოდგენილი იმ დოზით, რომ ამ ადამიანებს, გარდა ბიზნეს შეხვედრებისა, მრავალფეროვანი, დადებითი ემოციების უკან წაღების რეალური შესაძლებლობა ჰქონდეს. რაც თავის მხრივ მართლაც გაგვაჩნია, თუმცა ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა“, აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი MICE ტურიზმის განვითარებისთვის შიდა ბაზრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ კომპანიების უმეტესობის სათაო ოფისები თბილისშია განლაგებული და კარგი იქნება თუ მათი დაინტერესებაც მოხდება, რათა საქმიანი შეხვედრები სწორედ ბათუმში გაიმართოს.
„MICE ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურო. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ ამ მიმართულებით, თუმცა პროცესი არ არის მყისიერი შედეგის მქონე და ამას დრო სჭირდება. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ის სასურველი შედეგი, რომელსაც ველოდებით.
მეორეს მხრივ ამის დაჩქარებაც შეიძლება, სწორედ ამ საჰაერო მიმოსვლების სუბსიდირებით და ტურისტული მიმართულებების დივერსიფიკაციის მიმართულებით და ზოგადად მომსახურების ხარისხის გაძლიერების მიმართულებითაც.
სამწუხაროდ ეს არის გრძელი პროცესი, თუმცა მთავარია რომ ამაზე ფიქრი დაწყებულია და ყველაფერი რეალურად ჩვენს ხელშია“, აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, ბათუმმა ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერს“ უმასპინძლა.
ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და, ყოველწიურად გაიმართება. „ტურისტერის“ მიზანია, ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალებით ისაუბროს ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.