ჭავჭავაძის გამზირზე შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის წევრებს ვადას 23:00 საათამდე აძლევენ.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირზე, იმ ადგილას გადაინაცვლეს, სადაც 31 მარტს სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
აქციის ორგანიზატორი „სოლიდარობის ქსელია“. მათ შეუერთდნენ ასევე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი და დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“. აქციაზე ასევე იმყოფებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.