სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შეწყალების კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ელენე თევდორაძემ განუცხადა, შეწყალების კომისიაში ლევან დუმბაძის, მერაბ მინდელისა და რატი დარბაიძის ვადაზე ადრე განთავისუფლებასთან დაკავშირებით მიმართვა ჯერ არ შესულა.
"არსებობს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც შეწყალების კომისიის გარეშე შეუძლია პრეზიდენტს პირის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს, ამის საშუალებას მას კონსტიტუცია აძლევს. ამის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის გათავისუფლების საკითხი პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს", - განმარტა თევდორაძემ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია მიმართა თუ არა დიმიტრი შაშკინმა სამი არასრულწლოვანის გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს.
შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - ლევან დუმბაძის, მერაბ მინდელის და რატი დარბაიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიას შუამდგომლობას სთხოვს. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ განაცხადა.
"სამინისტრო აცნობიერებს განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და შემდგომი რეინტეგრაციის პროცესში და მიიჩნევს, რომ ამ მსჯავრდებულების გათავისუფლებით და უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობით, მათი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლება და ისინი საზოგადოებას დაუბრუნდებიან სრულყოფილ წევრებად", - განაცხადა სეფერთელაძემ.