კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო (ზაქარია) კალაშოვი, ზედმეტსახელად "შაქრო-მოლოდოი", საქართველოში თავისი ექსტრადაციის წინააღმდეგია. კალაშოვი აცხადებს, რომ იგი საქართველოში ექსტრადაციის წინააღმდეგი მანამ იქნება, ვიდრე საქართველო არ წარმოადგენს გარანტიებს იმისა, რომ იქ გამართული სასამართლო პროცესი სამართლიანი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეს განცხადება კალაშოვმა ესპანეთის ნაციონალურ სასამართლო პალატაში გამართული მოსმენის დროს გააკეთა, სადაც კრიმინალის საქართველოში ექსტრადაციის საკითხი განიხილებოდა. საქართველოში კალაშოვს 18-წლიანი პატიმრობა ელის.
პროკურორმა დოლორეს დელგადომ კალაშოვის საქართველოსათვის დაუყოვნებლივი გადაცემა მოითხოვა და თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი ექსტრადაციისათვის ხელისშემშლელი არავითარი მიზეზი არ არსებობს.
კალაშოვმა ესპანეთში უკვე მოიხადა ოთხზე მეტი წელი მისჯილი 7,4 წლიდან. ესპანური კანონმდებლობის თანახმად, იგი, შესაძლოა, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცეს მას შემდეგ, რაც ესპანეთის ტერიტორიაზე მისჯილი ვადის 3/4-ზე მეტს მოიხდის.