„ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ზრდა-განვითარების მიმართულებით რამდენიმე პრიორიტეტი გამოვყავით, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული გადამზადების პროგრამაა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროფესიული გადამზადების პროგრამის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. პროგრამის ოფიციალურ დაწყებას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ტურიზმისა და ICT სექტორების წარმომადგენლებმა - სწორედ ამ სექტორებით იწყება პროფესიული გადამზადების პროგრამა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურისტული გიდების გადამზადებას. „მნიშვნელოვანია, გიდმა იცოდეს, როგორ ელაპარაკოს ტურისტს, რა ინფორმაცია მიაწოდოს მას, რა გზავნილები არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, განისაზღვრა პროფესიები და მომზადდა სასწავლო პროგრამები. გიორგი ქობულიამ კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის შედეგად მომზადებული კადრები სწორედ კერძო სექტორში დასაქმდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფესიული გადამზადების პროგრამა არ არის უბრალოდ, „პროგრამა პროგრამისთვის". „ის ჩვენთვის ბერკეტია ინვესტორების ქვეყანაში შემოსაყვანად, რადგან მათ კვალიფიციური კადრები სჭირდებათ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პროგრამა არ მოიცავს მხოლოდ თბილისს, ის რეგიონებში ჩატარდება, რაც იქ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მინისტრის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს პროგრამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად - მოლაპარაკებები ქონების მართვის სააგენტოსთან, ასევე კერძო სტრუქტურებთან. „ეს წელიწადში 50 000-მდე ადამიანის გადამზადების საშუალებას მოგვცემს, მათი 70%-ის დასაქმების შემთხვევაში 2025 წლისთვის დამატებით 500 000 სამუშაო ადგილს შევქმნით, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის რევოლუციური იქნება", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
რაც შეეხება პროგრამისთვის შერჩეულ ტურიზმის და ICT სექტორებს - გიორგი ქობულიამ განმარტა, თუ რა კრიტერიუმით მოხდა მათი შერჩევა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სექტორია, სადაც ძალიან დიდი ზრდა გვაქვს, თუმცა, აქ ორი დიდი პრობლემა არსებობს - ტურისტების მომსახურების ხარისხი და სექტორის მომსახურებისთვის არასაკმარისი პერსონალი. „ამ საკითხს ჩვენ სწორედ კვალიფიციური კადრებით გადავწყვიტავთ. ამასთან, ასეთი ზრდის პირობებში - მომავალ წლებში 15-20%-იან ზრდა გვექნება, ერთ-ერთი დიდი დაბრკოლება იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკურად არ გვყავს სექტორის მომსახურებისთვის არასაკმარისი პერსონალი. ამიტომ პროფესიული გადამზადების პროგრამა ტურიზმის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, გიორგი ქობულიას განმარტებით, ICT სექტორი პრიორიტეტულია ორი მიზეზით - „არ გვყავს ჩვენი საკუთარი სექტორის მომსახურებისთვის საკმარისი კადრები, ამიტომ დამატებითი კადრები გვჭირდება. ამასთან, ამ სექტორს აქვს ერთი ძალიან სასარგებლო თვისება - ადგილზე მუშაობის პირობებშიც შესაძლებელია სერვისის ექსპორტი, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ნიშნავს".