საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს საქმეს „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
ტოგორც "ჯი-ეიჩ-ენს: საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის 5¹ პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
სადავო ნორმით "თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს."
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქმე განსახილველად გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ვინაიდან განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები - საქართველოს სახალხო დამცველის და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.