აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - ,,ბათუმი-ვროცლავი“ გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ბათუმს ქვემო სილეზიის მარშალი ცეზარი ფშიბილსკი და სხვა ოფიციალური პირები სტუმრობენ.
ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. რეგიონის პირველმა პირმა, ფორუმის ფარგლებში, აჭარის ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთებისთვის ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოა შექმნილი, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკის 2019 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვით „ბიზნესის კეთების“ თვალსაზრისით საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა და პოზიცია სამი ადგილით გაიუმჯობესა. ქვეყანა დაწინაურდა ფიჩის რეიტინგებშიც. საკრედიტო რეიტინგების კომპანიამ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია BB - პოზიტიურიდან BB - სტაბილურამდე გაზარდა.
,,საინვესტიციო თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ აჭარაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ბიზნესის კეთებისათვის შევუქმნათ თანაბარი პირობები და თითოეულმა ადამიანმა შეძლოს ეკონომიკური სარგებლის მიღება. დარწმუნებული ვარ შევძლებთ აჭარა და ბათუმი გადავაქციოთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ფორუმზე, აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნენ.
შეხვედრის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები, და აჭარაში და პოლონეთში მოღვაწე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია აჭარას 19 მარტს დატოვებს.