ნინო გვენეტაძეს ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა, - აცხადებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე, იურისტი, კახა წიქარიშვილი.
მისი თქმით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვენეტაძის თანაშემწედ მუშაობდა, შესაბამისად კარგად იცის, რა მდგომარეობაში იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.
„სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციები ხდება და ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.
სასამართლო სისტემის გადარჩენის მიზნით წიქარიშვილი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, ღიად ისაუბროს იმ ზეწოლაზე, რომელიც სასამართლოში არსებული კლანიდან მოდიოდა მისი მიმართულებით.