თბილისის საკრებულოში შვიდი კომისიის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიას განიხილავენ. სხდომაზე განცხადება ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ახალი გენერალური გეგმით თბილისში რეკრეაციული ზონა 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება.
„დედაქალაქში არსებული რეკრეაციული ზონების ფართობი 254 მილიონი კვადრატული მეტრი იყო. იმ გეგმით კი, რომელიც დღეს საკრებულომ უნდა დაამტკიცოს 258 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. რაც შეეხება სატყეო ზონას, რომელიც საერთოდ გამქრალი იყო რუკიდან, 139 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ეს არის სწორედ ის კრიტერიუმები და შეფასებები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა ახალ გენერალურ გეგმაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ხარვეზებს მინდა გითხრათ, რომ კომისიური განხილვების დროს ჩვენ მათზე ვიმსჯელეთ და ყველა დაფიქსირებული ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მომავალში გარკვეული დაზუსტებები გახდეს საჭირო“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუა გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი დღის წესრიგი აჟიოტაჟის შექმნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიების გაერთიანებულ სხდომას დაესწრებოდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხებს მიიღებდნენ.
„ახალ გენერალურ გეგმაზე პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია. რეალურად ჩვენს კოლეგებს, რომ აინტერესებდეთ გენერალური გეგმა და ქალაქის განვითარება, დღეს აქ იქნებოდნენ და ერთად ვიმსჯელებდით ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე. როგორც თქვენ ხედავთ, აქ ოპოზიციონერი კოლეგები არ იმყოფებიან და მათი დღის წესრიგი აჟიოტაჟის შექმნაა და არა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე მსჯელობა“ “,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.