საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით გია უდესიანი აირჩიეს. სასტუმრო "სიმპათიაში" გამართულ ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, უდესიანს ღია კენჭისყრით 29 დელეგატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ახალმა პრეზიდენტმა მთავარ პრიორიტეტად სროლის სახეობათა ოლიმპიური ბაზის მშენებლობა დაასახელა.
"მსურს ,მადლობა გადავუხადო სროლის ფედერაციის წინა პრეზიდენტს - დავით ქარსელაძეს, რომელმაც მართლაც დიდი სამუშაო გასწია. პირადად მე განსაკუთრებული შემართებით მოვდივარ სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად, იარაღი ძალიან მიყვარს და ასევე მსურს გავაკეთო ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს, საქართველოში ტყვიის სროლის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის", - განაცხადა უდესიანმა.
უდესიანი სხვადასხვა დროს თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელად და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ასევე სხვადასხვა სპორტულ ფედერაციას ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ სროლის სახეობათა ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის მოწვევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ფედერაციის წინა პრეზიდენტმა - დავით ქარსელაძემ პოსტი საკუთარი სურვილისამებრ დატოვა. ქარსელაძე ტყვიის სროლის სახეობათა ფედერაციას 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა.