საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით ამჟამად ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, დროულად დადგინდეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით გუშინ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალურ წერმომადგენლებთან, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.“-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტან დაკავშირებით განაცხადა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნული შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ პარტნიორი ქვეყანები და გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე მიეწოდება შესაბამისი ცნობები.
მისივე თქმით, საქართველო ყველა მექანიზმს იყენებს ობიექტური გარემოების დასადგენად.
„მე მექნება ასევე კომუნიკაცია თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა ისინიც იყვნენ ჩაყენებული აღნიშნული ფაქტის შესახებ. ჩვენ ვიმყოფებით კომუნიკაციის მუდმივ რეჟიმში შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის სამართალდამცავებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა დადგინდეს ამ ფაქტის ყველა ობიექტური გარემოება. „-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, 1990 წელს დაბადებულმა, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.