ავიაკომპანია Georgian Airways-ის ბრალდებებზე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს. "ტავ ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ Georgian Airways-ს 9 მილიონ ლარზე მეტის დავალიანება გააჩნია. იმ შემთხვევაში თუ Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, მაშინ "ტავ ჯორჯია" ავიაკომპანიას მომსახრებას შეუზღუდავს.
"ავიაკომპანია Georgian Airways-ს თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” მიმართ გააჩნია დავალიანება, რაც დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარს აღემატება. ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის დაწესების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, ტავ ჯორჯია იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. ტავ ჯორჯიას მიერ, Georgian Airways-ისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ავიაკომპანია უარს ამბობს დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტავ ჯორჯიასა და Georgian Airways-ს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა უკვე 14 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში ავიაკომპანია სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით და შეღავათებით, რასაც აეროპორტების ოპერატორი კომპანია საქართველოში ბაზირებულ, ეროვნული გადამზიდავი კომპანიის ხელშეწყობისთვის ახორციელებდა. კერძოდ:
1. Georgian Airways - აქვს ექსკლუზიური უფლება თავად გაუწიოს სახმელეთო მომსახურება საკუთარ საჰაერო ხომალდებსა და მგზავრებს, რაც საგრძნობლად ამცირებს მათ საწარმოო ხარჯებს;
2. Georgian Airways - 2005 წლიდან სარგებლობს 50%დან - 80%-მდე ფასდაკლებით ტავ ჯორჯიას მიერ გაწეულ ყველა იმ მოთხოვნად სერვისზე, რაც აუცილებელია რეისის შესასრულებლად (ბოლო სამი თვეა ავიაკომპანია მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით მხოლოდ მისთვის გაწეული მომსახურების ღირებულის 50% იხდის);
3. 2015 წლიდან Georgian Airways სარგებლობს ტავ ჯორჯიას მიერ ექსკლუზიურად მისთვის შედგენილი გადახდის სპეციალური გრაფიკით, რაც ზამთრის სანავიგაციო პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულების 50%-ის გადახდას ზაფხულის განმავლობაში გულისხმობს.
4. Georgian Airways – ამ ეტაპზე არის ერთადერთი, თბილისში ბაზირებული ეროვნული ავიაკომპანია, რომელსაც ტავ ჯორჯიამ მგზავრთა მოსაკრებელი 24 USD-დან 19 USD-მდე შეუმცირა. (აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს თბილისში ბაზირებული ნებისმიერი ეროვნული ავიაკომპანია, რომლის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 50 000 აღემატება);
5. Georgian Airways - 2017 წლიდან სარგებლობს საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფით, რაც აღნიშნულ სერვისზე 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ტავ ჯორჯიას მიერ შემუშავებული ამ სპეციალური ტარიფით სარგებლობენ თბილისში ბაზირებული ავიაკომპანიები.
6. Georgian Airways 2010 - წლიდან სარგებლობს ტავ ჯორჯიას მიერ ადგილობრივ რეისებზე შემუშავებული სპეციალური ტარიფით. აღნიშნული შეღავათი ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს საგრძნობლად შეამციროს ხარჯები.
ამ ყველაფრის ფონზე Georgian Airways ქსენოფობიური განცხადებებით, უსაფუძვლოდ ახდენს ტავ ჯორჯიას დისკრედიტაციას და კვლავ აგრძელებს საზოგადოების დეზინფორმაციას.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია ტავ ჯორჯია უკვე 14 წელზე მეტია, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, მოზიდული ავიაკომპანიების რაოდენობითა და მგზავრებისთვის ახალი მიმართულებების შეთავაზებით, ქართული საავიაციო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს", აღნიშნულია "ტავ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.