სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სამართლდამცავმა ორგანოებმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ატარა არმიანსკაიაში 1000-მდე ძირი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა გაანადგურეს.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტროს სისხლის სამძებროს განყოფილების ხელმძღვანელის, გარი არშბას ინფორმაციით, სამართალდამცავებს ამ მცენარის განადგურებისას ბოროტმოქმედებმა წინააღმდეგობა ცეცხლსასროლი იარაღით გაუწიეს.
"მარიხუანის მინდორს დაუდგენელი პირები მიუახლოვდნენ, სავარაუდოდ, ადგილობრივი მოსახლეობა, ეს ადამიანები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი სავარაუდოდ იქ "მოსავლის" ასაღებად იყვნენ მისულნი", _ აცხადებს არშბა.
მისი თქმით, ე.წ. სამართალდამცავებმა ამ ადამიანების ვინაობის გარკვევა სცადეს, თუმცა ამ ადამიანებმა "სამართალდამცავებს" შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და ტყის მასივში მიიმალნენ.
ე. წ. სამართალდამცავები მათ დაედევნენ, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცავი მათ მძევლად აიყვანეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მძევალი გამოუშვეს და ე. წ. სამართალდამცავებს "ტერიტორიის დატოვება" მოსთხოვეს. აღნიშნული პირობის მილიციელების მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი "უკიდურესი ზომების მიღებით" დაიმუქრნენ.
ამის შემდეგ საქმეში აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტრო ჩაერთო, გამოცხადდა განგაში და ე. წ. შს სამინისტროს პირადი შემადგენლობა იმ რაიონში გაიგზავნა, სადაც კონფლიქტური სიტუაცია იყო შექმნილი. რაიონი ალყაში მოაქციეს, მარიხუანის ველები გაანადგურეს, დამწვარია 1000 ძირზე მეტი მარიხუანა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ყველა გაქცეული უცნობი პირის ვინაობა დადგენილია. ამჟამად მათი ძიება მიმდინარეობს.