„ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ფინანსური რესურსი“, აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობი მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისი განმარტებით, ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება.
„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა“. აღნიშნული განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას გააკეთა.
მინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია 900-ზე მეტი მოქმედი და 188 ახალი საწარმო, გაშენებულია 6,347 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ბაღი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 34 მილიონ ლარს აღწევს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 960 ჰა-მდე ჩაის პლანტაციას; პროექტში ჩართულ ბენეფიციართა უმრავლესობას კოოპერატივები შეადგენენ.
„2013 წლიდან დღემდე, 34 000-ზე მეტი სესხია გაცემული და პორტფელი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს აჭარბებს. ყოველივე ზემოაღნიშნულმა, განაპირობა ის, რომ პროექტის იმ ბენეფიციარების მიერ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან გადასახადის გადამხდელად და ასეთი დაახლოებით 13,000 -ია, 2013-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვთ 620 მილიონ ლარზე მეტი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.