ეს არის ერთი პრივილიგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობა, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა.
„ეს იყო ერთი პრივილიგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით, იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში, ყველას. მათ შორის, იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენაზე საუბარი საჯარო პოლიტიკიდან საერთოდ უნდა გაქრეს. მიუხედავად ამ შანტაჟით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, - განაცხად გახარიამ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიიღო მუქარის წერილი, რომელშიც ეწერა რომ თუ კონკრეტულ ქმედებებს არ შეასრულებდნენ, ბანკს გაანადგურებდნენ.
"არჩევნების მეორე ტურის წინ, მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე - ეს წერილი მე მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვაპირებთ წერილების ფრიალს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია. არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ. გვინდა დაგვეხმაროთ, რომ შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა. წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონ გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“,- ამბობს ხაზარაძე.