ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მარიამ ქვრივიშვილს სურს, რომ დარგის წარმომადგენლებს პირადად შეხვდეს და მათ წინაშე არსებული გამოწვევები თუ პრობლემები პირადად მოისმინოს, რათა სამომავლოდ ისეთი ქმედებები განახორციელოს, რაც კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის იქნება სასიკეთო და ერთობლივი მუშაობით ქვეყანაში მეტი ტურისტი შემოვა.
დღეს მარიამ ქვრივიშვილი საიტზე - airbnb.com რეგისტრირებული აპარტამენტების მესაკუთრეებს და ასევე გიდებს შეხვდა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, Airbnb-ზე რეგისტრირებული აპარტამენტების მეპატრონეები, რომელთა რაოდენობა 22 ათასს აღწევს, საკმაოდ კარგი მასპინძლები არიან. ქვრივიშვილი ამბობს, რომ დარგის ზოგიერთ წარმომადგენელს ტარიფებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციაც კი ქონდათ და სამომავლოდ სწორი კომუნიკაციით უფრო მეტის მიღწევა იქნება შესაძლებელი.
„ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, რომ იმ ადამიანების ნაწილთან ვისთანაც დღეს შევძელით შეხვედრა, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა. ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების როლი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში ძალიან დიდია. ციფრებით, რომ ვისაუბროთ დაახლოებით 22 ათასზე მეტი დარეგისტრირებული ობიექტია, რომელიც გაქირავებას ექვემდებარება. ისინი არიან ძალიან კარგი მასპინძლები ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის. შესაბამისად ჩვენი როლიც მკაფიოა. ჩვენ გვინდა, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ქონდეთ თუ რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ, რა იქნება ჩვენი სამიზნე ბაზრები, იმისათვის რომ ერთობლივად შევძლოთ „სტრატეგია 2025“-ის აღსრულება. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ვიქნებით პლატფორმა, რათა შეძლონ და გააჟღერონ ნებისმიერი სახის კითხვები და მიიღონ პასუხები. დღევადნელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და ჯანსაღი იყო, რადგანაც გამოჩნდა, რომ დისკომუნიკაციის შედეგად ზოგს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა და ერთად გავიზიარეთ ის კარგი ამბავი, რაც გულისხმობს მათთვის ტარიფის არ გაძვირებას“, აცხადებს ქვრივიშვილი.
რაც შეეხება გიდებთან შეხვედრას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოლაბორაციით, პრობლემურ კითხვებზე სწორხაზოვანი პასუხების გაცემა მარტივად მოხერხდება.
"გიდებთან ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ დაგვედგინა და მოგვესმინა ის გამოწვევები, რის წინაშეც ისინი დგანან. გიდები არიან ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩვენ მათ გავაცანით თუ როგორი გადამზადების გეგმები გვაქვს, რა ახალი კოლაბორაციები შედგეს ჩვენსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რათა დავეხმაროთ მათ რომ სწორხაზოვანი პასუხები ქონდეთ შესაბამის პრობლემურ კითხვებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჯანსაღი იქნება", განმარტავს ქვრივიშვილი.