“ევროპულმა საქართველომ” შეიმუშავა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც ყოველ მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
“ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მათ მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.
“ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას “ქართული ოცნების” სქემა აკეთებს. ამ ალტერნატიული სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა.
“სხვაობა სახეზეა: “ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება. შედარებისთვის: “ქართული ოცნების” საპენსიო სქემით ეს ადამიანი მხოლოდ 85 ლარს მიიღებს,” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.