პოზიტივის მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ნატო-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 27 თებერვალს, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
„შეხვედრა ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში 2012 წლიდან პროცესისა და მისი ნორმალიზაციის პრაქტიკული საკითხების განხილვას. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში 2018 წელს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მიღეული პოზიტიური შედეგები.
დაფიქსირდა მზარდი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 25 პროცენტით გაიზარდა და 1,35 მლრდ დოლარს მიაღწია. რუსეთი საქართველოსთვის საგარეო ვაჭრობის კუთხით მეორე პარტნიორად და ქართული ღვინის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება: მისი მოცულობის 2/3 რუსეთის ბაზარზე მოდის. იზრდება საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადი (2018 წელს 1,4 მლნ). დინამიკურად ვითარდება სატრანსპორტო მიმოსვლა. გაფართოვდა ჰუმანიტარული კონტაქტები, რომელიც მოიცავს კულტურის დღეების აღნიშვნას, კინოფესტივალებს, მეცნიერთა თემატურ შეხვედრებს. შეხვედრაზე განიხილეს 2011 წლის ნოემბრის საბაჟო მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს სამთავრობოთაშორისო შეთანხმების პერსპექტივების შესრულების საკითხი ჟენევაში 6 თებერვლის ერთობლივი კომიტეტის სხდომის შედეგების თანახმად. ამასთან, რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა დაიწყოს შეთანხმების სასწრაფო რეალიზაცია მისი პირობების შესაბამისად. პოზიტივის მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ნატო-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები. კარასინმა ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მტრული საჯარო გამოსვლები ნეგატიურად აისახება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. მომდევნო შეხვედრა 2019 წლის ზაფხულში გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.