მზად ვართ, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ , - ამის შესახებ TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან.
რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის”, – წერს ხაზარაძე.
დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენდნენ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ, თუმცა სხდომა მალევე ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ამისთვის კი თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიან ვადა დაუწესა.
ეროვნული ბანკის ცნობით, მისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებია, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
თიბისი ბანკი გამოეხმაურა ეროვნული ბანკის განცხადებას და განაცხადა, რომ ის გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
21 თებერვალს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის ტოვებს თიბისი ბანკს. „იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ხაზარაძემ. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემაც. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა „თიბისი ბანკმა“ და ასევე გავრცელდა თიბისი ბანკისა და ეროვნულილ ბანკის ერთობლივი განცხადება.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.