„ის ყოველთვის ხელის ბიჭი იყო და ასეთად დარჩა დღესაც“, - ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მისამართით გააკეთა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვანო ზარდიაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ზარდიაშვილს არ მიიჩნევს ღირსად, რომ უპასუხოს.
ეკა ბესელიას თქმით, ვანო ზარდიაშვილი ადრე ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭი იყო, ახლა კი მისი ნარჩენების ხელის ბიჭია. მან ქართული ოცნების დეპუტატს "შპარგალკების მიმტანი" უწოდა.
„ტრაგიკომიკურია, რომ ქართული ოცნების სახელით ადეიშვილის ხელის ბიჭი - ზარდიაშვილი ლაპარაკობს. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ იმ პარტიას, რომელიც არ არის ჩემთვის სულერთი, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები, თუ ყოფილები არსებობენ, ქართული ოცნების სახელით საუბრობენ. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი, არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც უნდა ვუპასუხო. ის ყოველთვის ხელის ბიჭი იყო და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ იყო ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭი, დღეს არის მათი ნარჩენების ხელის ბიჭი. მათი დავალებების შემსრულებელი ადამიანი", - განაცხადა ბესელიამ.