როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ და სახალხოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი წამოდგება, არ შეასრულებს ეროვნული ბანკის მითითებას, სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს და იტყვის, წამოდით, პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ. სხდომას ესწრებიან თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
„საჯარო მოსმენა... ამისი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ეს შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამე თემა ან დაიფაროს, ან დაიმალოს, ან არ მოხდეს მასზე მსჯელობა. არსებობს სხვა ფორმატები ამისთვის, მაგრამ მე ინსტიტუციაზე გელაპარაკებით კოლეგებო, როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ და სახალხოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი წამოდგება, არ შეასრულებს ეროვნული ბანკის მითითებას, სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს და იტყვის, წამოდით, პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო. ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი მიდგომა არის ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა, მაგრამ არა ასეთ ფორმატში. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, იმიტომ რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინსტიტუტს და ჩვენ ინსტიტუციურად უნდა ვიაზროვნოთ პირველ რიგში”, - თქვა მათიკაშვილმა.