2025 წელს საქართველოში 11 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტის განხორციელდება იგეგმება, - ასეთია პროგნოზი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინა.
მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას კერძო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.
მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის 2025 წლის სტრატეგია მიმოიხილა. გამოყო რამდენიმე საკითხი. მათ შორის: 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა, 110 განსახორციელებელი ღონისძიება. სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების განხორციელება იგეგმება. შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან კი 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 7.9%-ამდე გაიზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების (DMO) ჩამოყალიბებას კახეთში, სამეგრელო ზემო-სვანეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, იგეგმება ფართომასშტაბური მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო რეკლამას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, ასევე ღვინის ტურიზმისა და კულინარიის,სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას.