ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ქართული ბიზნესი და ქართველი მეწარმეები, შესაბამისად, დიალოგს მთავრობასა და ბიზნესს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესომბუდსმენის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რგოლი იმ სტრატეგიაში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის შედეგების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს წარმატება განპირობებულია ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით.
„რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ - Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა დღეის მდგომარეობით რეგიონში, ვისაც ეს რეიტინგი გაუზარდეს. მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით რთული იყო რეგიონისთვის და შესაბამისად, ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ყველა ინიციატივა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს, აუცილებლად იქნება შეჯერებული კერძო სექტორთან. მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩვენი ინიციატივების ძალიან დიდი ნაწილი ყოფილიყო წარმოდგენილი კერძო სექტორის მიერ, რადგან მწამს, რომ თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა გვაქვს დასახვეწი საკანონმდებლო ჩარჩოში, რა ინიციატივებია განსახორციელებელი, რათა საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
„ჩვენ აუცილებლად უნდა ვგრძნობდეთ მაჯისცემას 24-საათიან რეჟიმში, რა აწუხებს ბიზნესს, რა საკითხებია ოპერატიულად გადასაჭრელი და ამავე დროს, რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, რომ შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი ბიზნესკლიმატი საქართველოში. მეორე წარმატება, რომელიც ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია, გახლავთ ის, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა Doing Business-ის რეიტინგში. ეს არის გლობალური წარმატება და მსურს ,მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივი მუშაობით ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.