„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან ასე ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა 5 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელსაც წელს საქართველო თავმჯდომარეობს.
„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან ასე ახლოს. 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრა, რომელსაც წელს საქართველო თავმჯდომარეობს. შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და მიმდინარეობს წარმატებით. საბჭოზე უმაღლეს დონეზე განხილული იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემის მოდერნიზაციას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სექტორში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას. მათ შორის, ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხით არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და კიდევ უფრო მეტად ვისარგებლოთ იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან. შესაბამისად, ამ კონტექტსში, ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიმართულების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ რეფორმებზე, რომელსაც განვახორციელებთ დემოკრატიის უფრო მეტი კონსოლიდაციისთვის. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ასევე, ამ პროცესში საჭიროა ევროკავშირის როლის გაძლიერება“, - განაცხადა ბახტაძემ.