კომპანია PMCG-ის საჯარო პოლიტიკის სექტორის დირექტორის დავით ლეჟავას განცხადებით, საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. როგორც ექსპერტი Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების კომენტირებისას აღნიშნავს, არავინ გააკეთებს ინვესტირებას მხოლოდ საინვესტიციო რეიტინგიდან გამომდინარე, „თუმცა, ეს რეიტინგი აღძრავს ინტერესს უკეთ გაიცნოს ქვეყანა ინვესტორმა და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, ის ინვესტორები, რომლებიც ყოყმანობდნენ, გაეკეთებინათ თუ არა ინვესტირება, ახლა უფრო თამამად მიიღებენ გადაწყვეტილებას“.
დავით ლეჟავას აზრით, საქართველოს ეკონომიკის ქრონიკულ სისუსტედ ითვლება ქვეყნის საგარეო სექტორი რაც, მათ შორის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში აისახება. მისი გამცხადებით, სწორედ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც Fitch Ratings-ს ჩვენი რეტინგის გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიაღებინა. „საგარეო სექტორი რჩება იმ მნიშვნელოვან ფაქტორად, რომლის გაუარესებამ ან გაუმჯობესებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეიტინგის აწევა ან დაკლება. შესაბამისად, საგარეო სექტორის გაჯანსაღება უნდა დარჩეს ხელისუფლების მაკროეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად“, - აღნიშნავს ის.
ამასთან, კომპანია PMCG-ის საჯარო პოლიტიკის სექტორის დირექტორის თქმით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ ზაფხულში იძლეოდა რეიტინგის გაუმჯობესების საშუალებას. „მაშინ Fitch Ratings-მა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება თურქეთიდან და რუსეთის ეკონომიკიდან შესაძლო ნეგატიური გავლენის მოლოდინში. სამაგიეროდ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახლა, როდესაც ეს რისკები არ მატერიალიზდა და საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა გამოავლინა“, - აცხადებს ექსპერტი.