ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი ბუქარესტისა და რუმინეთის სხვა ქალაქების ქუჩებში, რომლებიც აპროტესტებენ მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რაც პროტესტანტების თქმით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ძირს უთხრის.
აქციის მონაწილეები ვიორიკა დენჩილეს მთავრობას სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური კონტროლის განხორციელების მცდელობებში ადანაშაულებენ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მცირდება ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილება. ასევე, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აღარ ექნება მთავარი პროკურორის წარდგენის შესაძლებლობა.
24 თებერვალს ბუქარესტში გამართულ აქციას 10 000-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო, რომლებმაც მთავრობის სახლთან საავტომობილო მოძრაობის ბლოკირება მოახდინეს და გამოვიდნენ მოწოდებებით: „სამართალი“, „არა კორუფციას“ და „სირცხვილი“.
ევროკომისიის განცხადებით, რუმინეთმა, რომელიც როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, ევროკავშირს 6 თვის განმავლობაში თავმჯდომარეობს, „სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას რეფორმების განხორციელების გზაზე“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და „თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც პროგრესს შეანელებს“.