შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო "თბილისი მარიოტში"არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"პირველი- პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკითხი უპრეცედენტო არ არის, ნამდვილად. სასამართლოს უპატივცემულობისთვის არ შეფარდებია ბატონ ზვიად კუპრავას პატიმრობა, სასამართლოს უპატივცემულობისთვის მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა - გირაო. ეს არის კანონის მოთხოვნა, გირაოს პირობაც, სასამართლომ მას დააკისრა, რომ არ უნდა ჩაედინა ახალი დანაშაული, უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის მიერ გამოძახებისთანავე და თავი არ უნდა აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის - ეს არის ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის. მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ეს ვალდებულება არ შეასრულა, შესაბამისად კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ როდესაც გირაოს პირობები არ სრულდება და პირი ჩადის ახალ დანაშაულს, მას გირაო უნდა შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ამ შემთხვევაში - პატიმრობით. განხორციელდა ეს პროცედურა, ვინაიდან ბატონმა ზვიად კუპრავამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის პერიოდში, მანამ სანამ მის მიმართ განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ჩაიდინა სავარაუდოდ ახალი დანაშაული. სავარაუდოდ ვამბობ, იმიტომ რომ უდანაშაულობის პრეზუმციას ვიცავ ამ შემთხვევაში. მას ბრალი წარედგინა 126 მუხლით, ადვოკატის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ეს გახდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.
რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას, მისი დაკავება დაფიქსირებულია პოლიციელების სამხრე კამერებით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც დასაკავებელი პირისგან წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ბუნებრივია პოლიცია იყენებს პროპორციულ ძალას, ამ წინააღმდეგობის დასაძლევად. თუ რამე ძალის გამოყენებას ჰქონდა იქ ადგილი, პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რაც არის ბუნებრივი და ნორმალური პროცესი, რასაც ადგილი აქვს ხოლმე ყველა დაკავებული პირის მიმართ, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.