7 მარტს, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფე გაიხსნება. ოთხთვიანი პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს, ილიაუნის პროფესორები ისაუბრებენ სხვადასხვა მეცნიერებაზე, ყველაზე აქტუალურ და თანამედროვე ადამიანისთვის საინტერესო თემებზე.
ლექციები განკუთვნილია როგორც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც, სურს, იცოდეს მეტი. სამეცნიერო კაფის შეხვედრებზე დასასწრებად არ არის აუცილებელი ფლობდეთ კონკრეტულ ცოდნას. პროექტის მიზანია, დარგის სპეციალისტები მეცნიერებითა და ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ ადამიანებს დააკავშიროს.
„თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისთვის საგანმანათლებლო მიმართულება პრიორიტეტულია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და, უბრალოდ, მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს, კვალიფიციური და გასაგებ ენაზე გადმოცემული ცოდნა გავუზიაროთ. თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და უახლოეს მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს დაგიანონსებთ, რომლებიც სამივე მედიათეკაში განხორციელდება“, - ამბობს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.
უკვე ცნობილია ოთხ თვეზე გაწერილი პროგრამა, რომლის სრულად გაცნობაც ილიაუნის საიტსა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გვერდზე შეგიძლიათ (https://bit.ly/2SetoBU).
შეხვედრათა სერიას ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი გახსნის და წაიკითხავს ლექციას თემაზე „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა“. საუბარი შეეხება სამყაროს დასაწყისის ათვლის წერტილს, მის შესაძლო უსასრულობას და სავარაუდო საზღვრებს. 14 მარტი სანდრო ასათიანის ლექციის დღეა. იგი ისაუბრებს თემაზე „ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“, 21 მარტს კი პროფესორი მურმან მარგველაშვილი გვასწავლის, თუ როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ ჩვენ გარშემო არსებული სისტემები - მაგალითად, ჩვენი სხეული, კლასი, ფეხბურთის გუნდი, უნივერსიტეტი, ბუნება და ა.შ. მარტის ლექციათა ციკლი 28 მარტს დასრულდება ანდრია როგავას საჯარო ლექციით თემაზე „ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“. სწორედ ამ ლექციაზე შევიტყობთ სამყაროში სიცოცხლისა და არამიწიერი ცნობიერების არსებობის პრობლემაზე. ილიუნის სამეცნიერო კაფის ლექციათა ციკლი 20 ივნისს, მარიკა კაპანაძის ლექციით „მინდა, პერპეტუმობილე გამოვიგონო“ დასრულდება.
თბილისის მერიის მულტიფუნქიცური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი იგეგმება - უახლოეს მომავალში ვარკეთილის მედიათეკაში გაიხსნება საკვირაო სკოლა აბიტურიენტებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში.