რუსმა დეპუტატებმა, მოქმედ სამხედროებს სმარტფონების, პლანშეტებისა და ყველა იმ ტექნიკის გამოყენება აუკრძალეს, რომელსაც სამხედრო სამსახურის შესრულებისას, ინფორმაციის ჩაწერა ან შენახვა შეუძლია.
19 თებერვალს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში, მესამე და საბოლოო მოსმენით 408 დეპუტატი არცერთის წინააღმდეგ, დამტკიცდა ახალი კანონპროექტი. აღნიშნული ითვალისწინებს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, მხოლოდ რეგულარული ტელეფონის ფლობას, რომელსაც არ აქვს ვიდეო და ინტერნეტ მხარდაჭერა.
ახალი კანონი სამხედრო პერსონალს უკრძალავს სამხედრო საქმესთან, დანაყოფებთან, მისიებთან, სერვისებთან, მოქმედ თუ ყოფილ კოლეგებთან და ასევე მათ ნათესავებთან დაკავშირებული ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელებას.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ "ინტერნეტში ან მასმედიაში, სამხედრო პერსონალის მიერ განთავსებული ინფორმაცია, ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიკერძოებული შეფასებისთვის გამოიყენება".
ახალი კანონის მიღება აუცილებელი იყო, რადგან სამხედრო პერსონალი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იყო უცხოეთის მთავრობების სადაზვერვო სამსახურების, ტერორისტებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციებისათვის", - აცხადებენ დუმაში.