აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით, 18-19 თებერვალს, ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც ისინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ამერიკიდან და მასპინძლებმა ევროპიდან განიხილეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და მათი მნიშვნელობა, რომელიც ბოლო ხანებში, დონალდ ტრამპის "გაუმართლებელი კრიტიკისა და არაპროგნოზირებადი პოლიტიკის" დამსახურებით არც თუ ისე უმნიშვნელოდ დაზარალდა.
ევროპელი ანალიტიკოსების მოსაზრებით, ნენსი პელოსის ბრიუსელში ვიზიტის მთავარ გზავნილად აღიქმება ის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს სურს, ევროპამ იცოდეს თუ ვინ არის ნამდვილი ბოსი ვაშინგტონში, და რომ ეს დონალდ ტრამპი არ არის.
ნენსი პელოსიმ ბრიუსელში ვიზიტისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი არ არის აბსოლუტური ძალაუფლების მქონე და მას ხელისუფლების სხვადასხვა შტო აბალანსებს.
„ჩვენ არ ვართ საპარლამენტო მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარები ვართ“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ პრესკოფერენციაზე და დასძინა, რომ აშშ-ში არსებობს ხელისუფლების სხვადასხვა შტო, რომელზეც ნაწილდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლება.
პელოსი ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები ნატოსთან ურთიერთობების ჭრილში, აბსოლუტურ ერთსულოვნებას ინარჩუნებენ.