საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ "თიბისი ბანკის" საქმე კონკრეტულ საკითხზე დაწყებული გამოძიებაა.
„დიდი სურვილი მექნებოდა, გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისაგან. ერთია ანაკლიის პროექტის მშენებლობა და ამ მიმართულებით, როგორც კონსორციუმის, ასევე საქართველოს მთავრობის, რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მიერ აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია და დახმარება და მხარდაჭერა ამ პროექტის. მეორე მხრივ, ის კვლევა და საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება TBC ბანკთან დაკავშირებულ გარიგებას,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევას მოითხოვა. ამისთვის კი თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიან ვადა დაუწესა.
ეროვნული ბანკის ცნობით, მისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებია, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
თიბისი ბანკი გამოეხმაურა ეროვნული ბანკის განცხადებას და განაცხადა, რომ ის გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.