ქართულ დიასპორას უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
"კომპეტენტურ უწყებებთან ერთად დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პარლამენტში არჩევას.
მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში. იდეა მდგომარეობს შემდეგში: არსებულ საარჩევნო ოლქებს შესაძლებელია დაემატოს ერთი, ან მეტი საარჩევნო ოლქი (მაგალითად, ევროპა და აშშ), რომლებშიც კენჭს იყრიან ამავე ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები კანდიდატები.
ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ არჩეული პარლამენტარები იყვნენ თქვენი ინტერესების დამცველები. ისე ვერავინ გაიგებს თქვენს სათქმელს, ინტერესებსა და პრობლემებს, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში. იმედი მაქვს რომ ამ საკითხზეც მოვახერხებ პარლამენტში ჩემი კოლეგების დარწმუნებას," - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ქართველები ერთი მხრივ, დიდი ტკივილია და მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი კაპიტალი. პრეზიდენტის აზრით, საქართველოს სახელმწიფო და პირადად, როგორც პრეზიდენტი, ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დიასპორას, რაც პირველ რიგში, ორმაგი მოქალაქეობის სრულყოფილად ამოქმედებას ნიშნავს.
"ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ადამიანები და შეცვლილიყო კონსტიტუცია, რომ ის აკრძალვა, რომელიც წლების მანძილზე არსებობდა მოხსნილიყო. დღეს ყველას შეუძლია, რომ იყოს საქართველოს მოქალაქეც და სხვა ქვეყნის მოქალაქეც. ეს არის ელემენტარული უფლება დღევანდელ მსოფლიოში, რაც პრაქტიკულად ყველა: ევროპულ, დასავლურ, განვითარებულ ქვეყნებში, ყველაგან მიღებულია.
სამწუხაროდ, მე უნდა ვაღიარო, რომ კონსტიტუციის ცვლილებამ ჯერ არ მოიტანა ის შედეგები, რასაც ველოდით და ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ის დაპირება, რეალურად შესრულდეს, ანუ გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის და არდაკარგვის საკითხი. ამ დღეებში, უნდა შევიტანოთ ახალი ცვლილება კანონში, იმისთვის, რომ ბევრად უფრო ადვილი იყოს ეს პროცესი ყველასთვის", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მოქალაქეობა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ წლების განმავლობაში უცხოეთში წასულებმა არ დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან.
"ვინც აქ, უცხოეთში დაიბადა, ან ჩამოვიდა კიდევ ახალგაზრდა, პატარა ასაკში, ისინი ნელნელა დაკარგავენ ამ კავშირებს, თუ არ არის ეს სამართლებრივი კავშირი - პასპორტი, მოქალაქეობა"- აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმის, შესახებ, რომ დიასპორისათვის თბილისში, ერთი ფანჯრის ფორმატის, მონაცემთა ბაზა შეიქმნას, სადაც დიასპორისათვის შესაძლებელი იქნება ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება. ვისაც სჭირდება სწავლა, მუშაობ, ბინის ქირა, ყველა ინფორმაცია რაც შეიძლება აინტერესებდეს დიასპორიდან ჩამოსულ ადამიანს უნდა იყოს ერთ ადგილას, ადვილი და ხელმისაწვდომი.