უკვე თვენახევარია, რაც ამოიწურა ხელშეკრულების ვადა, გაზპრომსა და ქართულ მხარეს შორის, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირების შესახებ, აცხადებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ოთარ სირაძე.
„აღნიშნულ კონფიდენციალურ ხელშეკრულებას, ორი წლის წინ ხელი მოაწერა მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ჩვენი ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარისსწორებაზე გადასვლის გამო ქვეყნისთვის ყოველწლიურად მიყენებულმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 25 მლნ $, რაც 65 მლნ ლარის ტოლია. სწორედ ამიტომ, მთავრობა ასაიდუმლოებდა ქვეყნისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად წამგებიანი ხელშეკრულების შინაარს, რომელიც აშკარად კორუფციულ ხასიათს ატარებს.
ამის შესახებ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი წლის წინ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით. სასამართლომ გასული წლის 31 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, მაგრამ კანონის უხეში დარღვევით ამის შესახებ წერილობით გვაცნობა მხოლოდ 8 თვის შემდეგ, 2019 წლის 13 თებერვალს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოზე საქართველოს მთავრობისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ივანიშვილის პოლიტიკურ დიქტატს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე თამარ მეშველიანმა.
ასევე საგანგაშოა ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გაკეთებული განცხადება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან გაზის შესყიდვაზე. გასული წლის განმავლობაში, საქართველოს რუსეთიდან გაზი არ მიუღია, რომლის საჭიროებაც არც დღეს და არც მომავალში არ არსებობს, ამიტომ შემაშფოთებელია მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი“, განმარტავს ოთარ სირაძე.
აქედან გამომდინარე, ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს:
- საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება ქვეყნისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად წამგებიანი პირობებით.
- მოლაპარკებები წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ
- დაიწყოს გამოძიება, ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს კახა კალაძის მხრიდან, რადგან ხელშეკრულების პირობების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 65 მილიონი ლარის ზიანი.