აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი სანქციებით დაემუქრა მათ, ვინც ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად არ აღიარებს.
„ისინი, ვინც მხარს უჭერენ მადუროს ვენესუელის დემოკრატიული ინსტიტუტების დანგრევაში, მომავალში შედეგებს მოიმკიან“, - დაწერა ბოლტონმა Twitter-ში.
„შედეგებში“ მან სავარაუდოდ სანქციები იგულისხმა. ვაშინგტონმა ვენესუელის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა მრავალრიცხოვანი სანქციები და განაცხადა, რომ ასეთივე სანქციებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც მადუროს რეჟიმს მხარს დაუჭერენ.
23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ, ევროპის ქვეყნების უმეტესობამ და სხვა სახელმწიფოებმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდო აღიარა ევროპარლამენტმაც. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.