ხუთშაბათს, 7 თებერვალს, რომიდან გაიწვიეს საფრანგეთის ელჩი, რის მიზეზადაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ხშირი და გაუმართლებელი თავდასხმები დაასახელა.
ბოლოს პარიზმა რომიდან ელჩი 1940 წელს გაიწვია, როდესაც იტალიამ საფრანგეთს ომი გამოუცხადა.
იტალიასა და საფრანგეთს შორის დაძაბულობა იტალიაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ გამწვავდა. უკვე რამდენიმე თვეა, პარიზი და რომი ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ცენტრალური ადგილი კი მიგრაციულ პოლიტიკას ეხება.
ქვემოთ ჩამოთვლილია პარიზსა და რომს შორის დაპირისპირების სხვადასხვა მიზეზი :
„ყვითელჟილეტიანები“
პარიზსა და რომს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც იტალიის ვიცე-პრემიერი და პოპულისტური პარტიის, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი, ლუიჯი დი მაიო „ყვითელჟილეტიანების“ აქციის ორგანიზატორებსა და ლიდერებს პარიზში შეხვდა. ამ შეხვედრის დამადასტურებელი ერთობლივი და გულთბილი ფოტო დი მარიომ „ტვიტერზეც“ კი გამოაქვეყნა.
მოგვიანებით ლუიჯი დი მარიომ, ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი შეხვედრა „ყვითელჟილეტიანების“ ლიდერებთან არ წრმოადგენდა პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნებოდა საფრანგეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.
საგულისხმოა ისიც, რომ ლუიჯი დი მარიოს მოძრაობამ ღიად დაუჭირა მხარი „ყვითელჟილეტიანების“ პროტესტს, რომლებიც თავდაპირველად საფრანგეთში საწვავის ფასის გაზრდას აპროტესტებდნენ, რომელიც მოგვიანებით, ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.
მიგრაცია
როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობა მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის მხარდამჭერია. გასულ თვეს, იტალიამ უარი განაცხადა მიეღო ხმელთაშუა ზღვაში, ხომალდზე მყოფი მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, ისინი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ მიიღეს. იტალიის ამ გადაწყვეტილების გამო, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ნატალი ლუაზომ მკაცრად გააკრიტიკა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი და ის პილატეს შეადარა, რომელმაც ქრისტეს ჯვარზე გაკვრის გადაწყვეტილება მიიღო.
საფრანგეთის აღშფოთება გამოიწვია, ასევე, იტალიის ვიცე-პრემიერის ლუიჯი დი მაიოს განცხადებამ იმის შესახებ, რომ საფრანგეთი აფრიკული ქვეყნების კოლონიზაციას აგრძელებს. მიგრანტების ნაკადების ზრდა ლუიჯი დი მაიომ სწორედ საფრანგეთის „კოლონიალურ პოლიტიკას“ დააბრალა და აღნიშნა, რომ ათეულ ათასობით აფრიკელი იძულებულია დატოვოს საკუთარი სამშობლო, რათა თავშესაფარი ევროპაში ეძებოს.
საფრანგეთის საგარეო უწყება მყისიერად გამოეხმაურა აღნიშნულ განცხადებას და იტალიის ვიცე-პრემიერის გამოსვლას „სრულიად უსაფუძვლო და მტრული“ უწოდა.
გარდა ამისა, ლუიჯი დი მაიომ საფრანგეთი აფრიკულ ქვეყნებში თავისი ვალუტის დაბეჭდვაში დაადანაშულა და აღნიშნა, რომ მაკრონი ამ ფულით საფრანგეთის ვალების დაფინანსებას ახდენს.
ლუიჯი დი მაიოს ამ განცხადებას ფრანგი პოლიტიკოსი, ევროკომისარი ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში პიერ მოსკოვიჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები „უპასუხისმგებლოა, შეიცავს პროვოკაციულ ნიშნებს და მისი სერიოზულად განხილვა შეუძლებელია“.
ჩქაროსნული რკინიგზა
2012 წელს საფრანგეთის და იტალიის მთავრობების გადაწყვეტილებით, დამტკიცდა პროექტი ლიონსა და ტურინს შორის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ. მალევე, რომში ხანგრძლივი საპროტესტო აქციები მოჰყვა რკინიგზის მშენებლობას აქციების მონაწილეები ტურინი-ლიონის სწრაფი რკინიგზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ, რომელიც, მათი აზრთ, საბიუჯეტო თანხების გაუმართლებელ ხარჯვას წარმოადგენს.
იტალიის ახალმა მთავრობამ მკაცრად დაგმო 8,6 მლრდ-იანი პროექტი. ფრანგული მხარე კი რკინიგზის მშენებლობას განაგრძობს და გარკვეულ შედეგებს მიაღწია ალპებში გვირაბის გაყვანის თვალსაზრისით. პროექტის შეფერხებამ შესაძლოა შეაფერხოს ასევე ევროკავშირის დაფინანსების მიღება.
საფრანგეთი მოუწოდებს იტალიას შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელი შეუწყოს სარკინიგზო პროექტის განხორციელებას. თავის მხრივ, იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ რომი გააგრძელებს პარიზთან მოლაპარაკებებს, თუმცა პროექტის დასრულების კონკრეტული თარიღების დასახელება ნაადრევია.
ლეონარდო და ვინჩი
ხელოვნებაც კი არ არის დაზღვეული, აღმოჩნდეს საფრანგეთსა და იტალიას შორის გაჩაღებულ დიპლომატიურ ორთაბრძოლაში. ლუვრი ლამობს საზეიმოდ აღნიშნოს დიდი იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავი, ოქტომბერში.
2017 წელს იტალიის მთავრობა დათანხმდა ლუვრისთვის დროებით გადაეცა ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრები. მაგრამ ახლა ეს შესაძლოა ასე არ მოხდეს. „ლეონარდო იტალიელია, საფრანგეთში ის მხოლოდ გარდაიცვალა“, - განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ აპირებს ამ შეთანხმების გადასინჯვას.