საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს დღეს, პარლამენტში მოუსმენენ. მინისტრის მოსმენა დაგეგმილია, როგორც საპარლამენტო სესიაზე, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.
როგორც ცნობილია, დეპუტატები მინისტრს დაგეგმილ საგანმანათლებლო რეფორმებსა და ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სკოლის დირექტორია ია კერზაია გარდაიცვალა, დაუსვამენ შეკითხვებს.
ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებას მის პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.
სკოლის დირექტორი ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლა საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.
კერზაია ამბობდა, რომ რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი.
მას შემდეგ, რაც კერზაია საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე მისი შვილი, ბაჩანა შენგელია საუბრობდა.
შენგელია მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლაში რიგითი შემოწმება ჩატარდა და ცალკეული ძალების მიერ ხდება ამ ტრაგედიის პოლიტიზირება.