ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა შეაფასა. ექსპერტის განცხადებით, კარგია, რომ უწყება არ გაურბის ტენდენციებზე საუბარს და საზოგადოებას ნამდვილ ინფორმაციას აწვდის. მისი განცხადებით წლევანდელი სტატისტიკა ბევრად უფრო სრულყოფილია, რადგან დარეგისტრირებულია ისეთი დანაშაულები რაც ადრე საერთოდ არ რეგისტრირდებოდა.
„ჯერ ერთი, მისასალმებელია თავისთავად ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სტატისტიკას, ტრანსპარენტულია და არ მალავს მონაცემებს. სტატისტიკა ფორმალურად თითქოს გაზრდილია, თუმცა თუკი ვინმეს პროფესიონალურად მართლა აინტერესებს, თუ რით არის განპირობებული ზრდა, საქმე ეხება იმას, რომ თვითონ სტატისტიკა იხვეწება და აქ ბევრი ისეთი დანაშაულია ინტეგრირებული, რომელიც ადრე არ ექვემდებარებოდა მონიტორინგს და სტატისტიკურ აღრიცხვას. მაგალითად ოჯახური ძალადობა, მსხვერპლების მიმართვიანობა, ადევნება, შეურაცხყოფა, კიბერდანაშაული, ყველა ამ დანაშაულს ადრე არ ითვალისწინებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და პირველად ხდება, როდესაც ეს დანაშაულთა კატეგორიები სტატისტიკურად იზრდება. ეს მიმართულია იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს ყველა ფენა. მაგალითად, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ძალადობა არ ითვლებოდა დანაშაულად. ამდენად ეს სტატისტიკა უფრო მეტად მეტყველებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობა არის გაზრდილი და მეორე ის, რომ საზოგადოებაში შესაბამისი სამოქალაქო თუ საზოგადოებრივი ცნობიერება არის ამაღლებული. ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ. რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს, როგორიც არის მკვლელობა და ყაჩაღობა, იქ ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით არის მნიშვნელოვანი კლება და ეს არის რამდენიმე წლის ტენდენცია. ჩემთვის დადებითი მოვლენაა, რომ სამინისტრო თვითონ საუბრობს ამ ტენდენციებზე, ის რომ მაწვდის ნამდვილ ინფორმაციას და არ ცდილობს მიჩქმალვას და დამალვას ამ ინფორმაციის და ხსნის ანტიდინამიკას რომელიც ხდება საზოგადოებაში. დანაშაულის მატების ტენდენცია შეიძლება გარკვეულწილად დავუკავშიროთ სოციალურ და ეკონომიკურ გაჭირვებას, მაგრამ ძირითადად ახლა რეგისტრირდება იმ ტიპის დანაშაულები რომლებიც რამდენიმე წლის წინ დანაშაულებად არ ითვლებოდა. იგივე ოჯახური, ადევნება, შეურაცხოფა, კიბერდანაშაული და ა.შ. თვისობრივად ახალი სტატისტიკური მეთოდოლოგია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანერგა დაახლოებით 1 წლის წინ, არის მთელი რიგი დანაშაულებებისა რომელიც ადრე არ რეგისტრირდებოდა, ახლა ბევრად უფრო სრულყოფილია და ფაქტობრივად მთელი სპექტრი დანაშაულებების არის წარდგენილი" - განაცხადა ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ.