განათლების სამინისტროს მიერ საატესტატო გამოცდების გაუქმებას და ეროვნულ გამოცდებში შეტანილ ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, სერგი კაპანაძე, აკრიტიკებს.
კაპანაძე გეგმავს, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგეს, რომლის მიხედვითაც, ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდება.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა მინისტრს, რომელიც დაინიშნა, რამდენიმე თვით ინიშნებოდნენ და როგორც წესი, განათლების მინისტრებს თავიანთი რაღაც უცნაური იდეები გააჩნდათ ხოლმე. მათ შორის, ვაშლების შეტანა რომ იყო სკოლაში, ასეთი იდეა. ოღონდ ის იდეა, განსხვავებით ამ იდეისგან, საზიანო და მავნე არ იყო. ახლა რა არის ეს იდეა, რომელიც ნახევრად უკვე განახორციელა თუ იწყებს განხორციელებას განათლების სამინისტრო, რომელსაც დაარქვეს ფუნდამენტური დიდი რეფორმა. ორი რამ - ერთი არის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და მეორე, პრაქტიკულად, ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმება. ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში მოვახდინო ინიცირება საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდეს კანონის დონეზე იმიტომ, რომ დღეს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონი ამის დისკრეციას აძლევს სამინისტროს და ცენტს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.