„საატესტატო გამოცდებს გაუქმებით, აღდგება კორუფცია სკოლებში,“ - ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”რეფორმატორთა კლუბის” დამფუძნებელმა, დიმიტრი შაშკინმა გააკეთა.
მისი თქმით, საატესტატო გაუქმება განათლების სისტემის ფუნდამენტურ რღვევას გამოიწვევს. შაშიკნის თქმით, გამოცდები ცოდნის შეფასების საუკეთესო საშუალებაა.
„ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც არის განათლების სისტემა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაანგრიო ფუნდამენტი და გააფუჭო ყველაფერი ის, რაც ახლა არსებობს. მინდა გითხრათ, რომ საატესტატო გამოცდებს გაუქმებით, აღდგება კორუფცია სკოლებში, ატესტატის აღებისთვის მშობლები გადაიხდიან ქრთამს, ეს ქრთამი იქნება პირდაპირი გოჭების, ქათმების, ფულის სახით, ან ფარული რეპეტიტორების სახით. საატესტატო გამოცდების გაუქმებით, მოკვდება ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინების სწავლა სკოლებში, როგორიც არის ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. მსოფლიოში არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც არ ტარდება გამოცდები“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით 2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ამ გადაწყვეტილებას მე-12 კლასელების პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ , მე-12 კლასის მოსწავლეებს.