პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულ ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს დღეს აღკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ადამიანი გუშინ დააკავა. ამ წუთებში საქალაქო სასამართლო 9 დაკავებულის შესახებ იმსჯელებს. პროკურატურა 6 დაკავებულისთვის 3-ათასლარიან გირაოს ითხოვენ, დანარჩენი სამის შემთხვევაში კი ბრალდების მხარე პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს.
პროკურორის თქმით, გირაოს შუამდგომლობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ჩანაწერები არ გაუვრცელებიათ, სოციალური ქსელის ინბოქსში ჩაუგდეს, თუმცა, პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კი სოციალური ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ნაწილი მათგანის მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ნაწილის მიმართ - გირაო. ვინაიდან ამ ბრალდებულებიდან არის ნაწილი, რომლებმაც არა მხოლოდ უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს, არამედ გაავრცელეს აღნიშნული ჩანაწერი. გამავრცელებლების მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს, მოთხოვნილია გირაო. დანაშაულია, როდესაც იღებ ინფორმაციას სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს შესახებ, რაზეც საუბარია ამ შემთხვევაში, არ აცხადებ პოლიციაში, ამასთან ერთად გაქვს გონივრული დრო იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინო, განაცხადა პოლიციაში, წაშალო აღნიშნული ჩანაწერი, რათა არ მოხდეს მისი შემდგომი გავრცელება და ამას არ აკეთებ და ინახავ უკანონოდ. უმეტესობა მათგანი თვითონ ცდილობდა აღნიშნული ვიდეოს მოპოვებას, არიან ადამიანები, ვინც მიიღეს მეგობრებისგან და სხვადასხვა პირისგან და აღნიშნული ჩანაწერი უკანონოდ შეინახეს, არ განაცხადეს პოლიციაში და საკმაო დროის განმავლობაში ჰქონდათ შენახული,“ - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.