უკრაინაში ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების აღსანიშნავ ღონისძიებას ევროპული საქართველო დაესწრება. კვირისთვის დაგეგმილ ცერემონიაზე დასასწრებად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ.
გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლების უყურადღებობა დაუშვებელია, რადგან ეს დღე არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.
"კვირას კიევში გაიმართება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და "ევროპული საქართველო" მიწვეულია ამ დღესასწაულებზე. ეს იმ პირობებში,როდესაც საქართველოს მთავრობა მისალოც სიტყვასაც არ იმეტებს. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა უკრაინისთვის,როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის და მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ამიტომ საქართველოს წარმომადგენლობა ასეთი ტიპის ღონისძიებებზე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და "ევროპული საქართველოს" ექნება პატივი და შესაძლებლობა საქართველოცს წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში ამ დღესასწაულებზე", - განაცხადა გიგი უგულავამ