ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ჰელენ მაკენთისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა", რაც მიზნად ისახავს ქვეყნის საკანონმდებლო, სექტორალურ დაახლოებას და მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან.
ირლანდიურმა მხარემ განაცხადა, რომ ირლანდია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამ კუთხით, მიესალმება საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას, კერძოდ, ასოცირებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ წარმატებებს. დადებითად შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და ხაზი გაესვა, რომ ინიციატივის 10 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება და შესაბამისი გზავნილები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი იქნება სტიმული, რომ მათ გააგრძელონ დასახული მიზნისკენ განუხრელად სვლა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსა და ირლანდიას შორის ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების, ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების და ასევე, მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.