გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სესიაში „მდგრადი განვითარება რეგიონში”, სადაც მოხსენება „მწვანე ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს ხედვის” შესახებ გააკეთა. 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე ეკონომიკა“ საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
სესიაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მწვანე ეკონომიკის ხელშემწყობი ძირითადი ასპექტების მიმართულებით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, როგორიცაა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, მწვანე ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავება, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა, მწვანე მშენებლობის პრაქტიკის დანერგვა, ენერგოეფექტურობის წახალისება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა.
2019 წლის 29-31 იანვარს, ქ. ჟენევაში (შვეიცარიის კონფედერაცია) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის 24-ე სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 60-მდე ქვეყნის დელეგატმა მიიღო.