ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები იდევ უფრო გაძლიერდა - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ,,საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიშთან“ დაკავშირებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უწყვეტი საკანონმდებლო რეფორმა და წესებისა და სტანდარტების მტკიცე დანერგვა (ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად) გადამწყვეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის და შესაძლებლობას აძლევს მათ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ მჭიდრო ურთიერთობების შედეგებით სრულად ისარგებლონ.
"ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები გასული წლისგანმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. 2017 წლის მარტის შემდეგ, 300 000-ზე მეტმასაქართველოს მოქალაქემ შეძლო მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში და 2009 წლიდან 63 000-ზე მეტმა ბიზნესმა და ფერმერმა სესხი მიიღო. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას "ასოცირების დღის წესრიგის" გათვალისწინებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების სფეროში. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ჩვენი ერთობლივი მუშაობის პრიორიტეტებს 2020 წლამდე და მოიცავს რეფორმებს, რომელსაც უფრო და უფრო მეტი სარგებელი მოაქვს საქართველოს და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.
დღეს, 31 იანვარს, ბრიუსელში, ,,საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში“ გამოქვეყნდა. განახლებული ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ შესაბამისად, ანგარიშში განხილულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ასახავს პერიოდს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის სხდომიდან საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2019 წლის 5 მარტს გაიმართება.