რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ვადა კიდევ 3 თვით გადაიწევს
რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ვადა კიდევ 3 თვით გადაიწევს.
ვადა 2010 წლის 1 იანვარს იწურებოდა, თუმცა მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც "ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილება კი სწორედ საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭების 3 თვით გადაწევას გულისხმობს.
ცვლილება პარლამენტში დეპუტატების აკაკი მინაშვილის, ირაკლი ქავთარაძის, გიორგი კანდელაკის და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ არის მომზადებული. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა 2010 წლის 1 აპრილამდე უნდა მიიღოს დადგენილება "რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ", რომელიც რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას გამორიცხავს. აღნიშნული დადგენილების პროექტი აღნიშნულ ვადაში იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, პროექტი 2010 წლის 1 იანვრამდე უნდა მომზადებულიყო. გარდა ამისა, კანონპროექტში გათვალისწინებულია კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც რეპატრიანტის სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის საკითხს ეხება. მოქმედ კანონში არ არის ჩადებული, რომ აღნიშნული პირის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენა გამორიცხულია. კანონპროექტში კი სწორედ აღნიშნული ცვლილება შედის - რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენა გამორიცხული იქნება.