მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების შესახებ ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივა პარლამენტში ხვალ, 1-ელ, თებერვალს დარეგისტრირდება. სპეციალური ბლანკების მიღების შემდეგ კი პარტიების წევრები რეგიონებსა და დედაქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ოპოზიცია გეგმავს, რომ ყველა ქალაქსა და სოფელში ხალხს აუხსნას რატომ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა. ყველა პოლიტიკური პარტია, "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" გარდა თანხმდება, რომ ეს კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ინიციატივას მხარდამჭერები "ქართულ ოცნებაშიც" გამოუჩნდება, რადგან ამას ეთანხმება სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო თანამეგობრობაც.
"იმ პოლიტიკურ ჩიხში და პოილიტიკურ კრიზისში, რომელშიც სახელმწიფომ შეგვიყვანა და "ქართულმა ოცნებამ" შეგვიყვანა, აქედან გამოსავალი არის მხოლოდ ეს ფუნდამენტალური რეფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგი არჩევნების შედეგად, რომელიმე პარტია, არ აქვს მნიშვნელობა რომელი, არ იყოს ერთპიროვნული მმართველი,"-აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.